სომხეთის საგარეო უწყება - მივესალმებით ჯო ბაიდენის განცხადებას, რომლითაც მკაფიოდ განსაზღვრულია, რომ სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი მასობრივი სისასტიკეები გენოციდია
სომხეთის საგარეო უწყება - მივესალმებით ჯო ბაიდენის განცხადებას, რომლითაც მკაფიოდ განსაზღვრულია, რომ სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი მასობრივი სისასტიკეები გენოციდია

სომხეთი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, სომეხთა გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„მივესალმებით სომეხთა გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომლითაც პრეზიდენტი ბაიდენი მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი მასობრივი სისასტიკეები გენოციდია“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც უწყება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ ერთხმად დაადასტურა თავისი ერთგულება ადამიანის უფლებებისადმი და ჰუმანურობის პრინციპებისადმი.

„აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება არის მნიშვნელოვანი წვლილი სომეხთა გენოციდის გლობალურ აღიარებაში და გენოციდების თავიდან აცილებაში“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი დღეს ოფიციალურად აღიარა.