სომხეთის პარლამენტში პრემიერობის კანდიდატ სერჟ სარგსიანს უსმენენ
სომხეთის პარლამენტში პრემიერობის კანდიდატ სერჟ სარგსიანს უსმენენ

სომხეთის პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. კანონმდებლებმა დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი. 105-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოში სხდომას 90 დეპუტატი ესწრება.

როგორც სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის მდივანმა ვაგრამ ბაღდასარიანმა პარლამენტში სერჟ სარგსიანის კანდიდატურის წარდგენისას აღნიშნა, სარგსიანს სახელმწიფო მართვის სისტემაში დიდი გამოცდილება აქვს.

„ჩვენი ქვეყანა, რომელიც ორი მხრიდან არაკეთილმოსურნეებით არის გარემოცული, ისეთ პირობებში, როდესაც ისმის მოწინააღმდეგის გასროლის ხმა, საჭიროებს ისეთ ლიდერს, რომელიც საკუთარი მაგალითით, ცივი გონებით აჩვენებს, როგორ უნდა იმართოს სახელმწიფო“, – განაცხადა ბაღდასარიანმა.

მისი თქმით, სერჟ სარგსიანი სწორედ ასეთი ადამიანია, მას საერთაშორისო არენაზე პატივს სცემენ.

„ქვეყანას სჭირდება ლიდერი, რომელმაც თავისი მაგალითით, განვლილი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტია“, – განაცხადა ბაღდასარიანმა.

სერჟ სარგსიანის კანდიდატურის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. პარლამენტის შენობის გარეთ შეკრებილი დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის პრემიერის პოსტზე წარდგენას აპროტესტებენ. სომხეთის ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის მოწოდების შემდეგ, აქციის მონაწილეთა ნაწილი ერევნის პროკურატურის შენობისკენ დაიძრა, რათა მისი ბლოკირება მოახდინოს.