სომხეთის ნაკრებში კორონავირუსი ოთხ ფეხბურთელს დაუფიქსირდა
სომხეთის ნაკრებში კორონავირუსი ოთხ ფეხბურთელს დაუფიქსირდა

სომხეთის ნაკრების ოთხ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუფიქსირდა – ინფორმაციას სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

სამი მათგანი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია – გევორგ ღაზარიანი, სარქის ადამიანი, ანდრე ჩალიშირი, ხოლო მეოთხე გრიგორ მელიქსეტიანი სათადარიგო მეკარეა. ოთხივე მათგანმა COVID-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. ისინი გამოტოვებენ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-6 ტურის მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

სომხეთის ნაკრებში დანაკლისი ისედაც იყო – გუნდს ნოემბრის მატჩებში ვერ დაეხმარა ლიდერი და კაპიტანი ჰენრიხ მხითარიანი, ასევე ხორენ ბაირამიანი, ედგარ ბაბაიანი, ნორბერტო ბრიასკო ბალეკიანი და გეგამ კადიმიანი. ამგვარად, გუნდი ჩრდილოეთ მაკედონაისთან დღეს სკოპიეში დანიშნული შეხვედრისთვის 19 მოთამაშით ემზადება, რომელთა შორისაც ერთი თავდამსხმელია – თბილისში გაზრდილი ალექსანდრე კარაპეტიანი (ტამბოვი, რუსეთი)

„სომხეთის ნაკრებმა საქართველოსთან ბოლო მატჩში დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ორგანიზებული თამაში აჩვენოს და სერიოზული საკადრო პრობლემების ფონზე გაიმარჯვოს“, – წერს სომხური გამოცემა News.am.

სომხეთი-ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრა გაიმართება 18 ნოემბერს კვიპროსში და 21:00 საათზე დაიწყება. ხოაკინ კაპაროსის გუნდი ჯგუფში 8 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო 9 ქულით ჩრდილოეთ მაკედონია ლიდერობს. საქართველომ 6 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, ხოლო ესტონეთი 2 ქულით ბოლოზეა.