სომხეთის ნაკრების მწვრთნელი - დიდი იმედი მაქვს, ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ
სომხეთის ნაკრების მწვრთნელი - დიდი იმედი მაქვს, ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხოაკინ კაპაროსი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრის მოგებით კმაყოფილი იყო და პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბოლო ტურში მოგებას შეეცდებიან.

„სომხეთის ნაკრებმა დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს. ისინი საკუთარი ქვეყნისთვის სიამაყით თამაშობდნენ და მოგებისთვის ყველაფერი გაიღეს. საქართველო ძლიერი და კარგად შეთამაშებული გუნდია, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვქონდა, რომ მოვიგებდით და ჩვენმა ტაქტიკამ გაამართლა. ჩვენ ამის შემდეგ პირდაპირ კვიპროსში მივემზავრებით, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიას შევხდებით. ვიცით, რომ ეს რთული მატჩი იქნება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, მათთანაც ისეთივე შემართებით ვითამაშებთ, როგორც დღეს და ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ“, – ამბობს ხოაკინ კაპაროსი.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისევ 6 ქულით დარჩა და პირველ ადგილზე გასვლისა და „ბ“ დივიზიონში დაწინაურების შანსი დაკარგა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიამ სახლში ესტონეთს 2:1 სძლია და 9 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა.