სომხეთის ნაკრების მცველმა კონტრაქტი გაწყვიტა - ფეხბურთელი მობილიზაციაში მოხვდა, მაგრამ ჯარში არ წასულა
სომხეთის ნაკრების მცველმა კონტრაქტი გაწყვიტა - ფეხბურთელი მობილიზაციაში მოხვდა, მაგრამ ჯარში არ წასულა

ერთა ლიგის C2 დივიზიონში საქართველოსთან პრინციპულ შეხვედრამდე სომხეთის ნაკრების მცველი უგუნდოდ დარჩა, ბერძნულ გუნდში გადასვლაზე უარი თქვა, მიზეზი კი აზერბაიჯანთან საომარი მოქმედებების განახლება გახდა – ინფორმაციას საბერძნეთის სუპერლიგის კლუბის, „ლარისას“ პრეს-სამსახური ავრცელებს.

„სომხეთის ნაკრების მცველის, ვარაზდატ აროიანის აგენტმა გვაცნობა, რომ „ლარისაში“ ფეხბურთელის ტრანსფერი მინიმუმ ამ სატრანსფერო პერიოდისთვის ჩაშლილია. ფეხბურთელი, ისევე როგორც სომხეთის ყველა 40 წლამდე მოქალაქე, მობილიზებულია და უკვე ჯარის განკარგულებაშია,” – იუწყება ბერძნული კლუბის პრესსამსახური.

როგორც გაირკვა, სომხეთის ნაკრების 28 წლის ცენტრალურმა მცველმა შეთანხმებული კონტრაქტი თავად ჩაშალა – ვარაზდატ აროიანმა მიზეზად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დაასახელა.

თუმცა თავად ფეხბურთელმა უარყო ინფორმაცია, თითქოს, სომხეთის ჯარში მთიანი ყარაბაღის საომარ ზონაში გააგზავნეს.

„ინფორმაცია, თითქოს, სომხეთის ჯარში საომარ ზონაში ვიმყოფები, სიმართლეს არ შეესაბამება. ახლა რუსეთში ვარ, სომხეთში კი მალე წავალ. შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ მე, ისევე როგორც სომხეთის სხვა მოქალაქეები, ჩემს სამშობლოს ვეხმარები. ახლა სომხეთის ნაკრების ფეხბურთელთან ერთად, დავაფუძნე ფონდი, რომელიც ამ ვითარებაში სომხეთის ყველა გაჭირვებულს დაეხმარება. დღეს ქვეყანას ყველა სომეხი ისე დაეხმარება, როგორც შეუძლია,“ – ამბობს ვარაზდატ აროიანი.

სომხეთის ხელისუფლებამ მთიან ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამწვავების გამო საომარი მდგომარეობა და საერთო მობილიზაცია გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ნაკრების ლიდერმა, ჰენრიხ მხითარიანმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, მთიან ყარაბაღში კონფლიქტი შეაჩერონ.