სომხეთის ნაკრების ფან-კლუბის ლიდერი - ქართველი გულშემატკივრების დახმარებით ბევრი ინციდენტი თავიდან ავიცილეთ #1TVSPORT
სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფან-კლუბის დამფუძნებელმა, სერგეი ჯანჯოიანმა ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, არმენ მელიქბეკიანის გადადგომის გარდაუვალობაზე დაწერა და ერთა ლიგაზე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩების დროს ინციდენტების თავიდან აცილებაში ქართულ მხარეს მნიშვნელოვანი წვლილი დაუკავშირა.
„როდესაც ეროვნული ნაკრებისკენ ყურადღების გადატანის სტრატეგიაც ჩაიშალა, სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია საბოლოოდ შიგნიდან დაინგრა. შემუშავდა ახალი გეგმა A და გეგმა B, თუმცა კვლავ იმავე ძველი სამაშველო კომბინაციის გამოყენებით.
პირველი იყო უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა, ხოლო მეორე – 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოსთან ერთად თანამასპინძლობა. ამგვარად, ხელისუფლებაში დარჩენის ახალი მიზეზები წინა პლანზე წამოიწია.
თქვენი „შორსმჭვრეტელობისა“ და ლიდერობის შედეგად, საქართველოსთან მატჩებმა ნოყიერი ნიადაგი შექმნა ეთნიკური დაპირისპირებისა და მტრობისთვის, რაც გარკვეულწილად აღკვეთილი იქნა ჩვენი და ქართული ფან-კლუბების შიდა და გასვლითი მატჩების ორგანიზებული მუშაობის წყალობით“, – წერს სერგეი ჯანჯოიანი.