სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი - არსებული ხელისუფლება უნდა გავაგდოთ, თუ არ არის მზად, ნებით წავიდეს
სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი - არსებული ხელისუფლება უნდა გავაგდოთ, თუ არ არის მზად, ნებით წავიდეს

არსებული ხელისუფლება უნდა გავაგდოთ, თუ ნებით არ არის მზად წასასვლელად, – ამის შესახებ განცხადება სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანმა დღეს სომხეთის დედაქალაქში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, ფაშინაინის მთავრობამ წააგო ომი და ქვეყნა ღრმა ეკონომიკურ კრიზისის წინაშე დააყენა.

ამასთან, ქოჩარიანის თქმით, სომხეთის დღევანდელი მთავრობა ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეებისა და საზღვრების დაცვას. ამის მაგალითად მან დაასახელა სიუნიქის რაიონი, სადაც, სომხეთის ექსპრეზიდენტის თქმით, მოქალაქეები საფრთხეში არიან, რადგან სახელმწიფო საზღვრები დაუცველია.

შეგახსენებთ, რომ სიუნიქი სომხეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონია, სადაც ნახიჩავანის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზა გადის, რომლის გახსნასაც აზერბაიჯანი ითხოვს. რამდენიმე დღის წინ მოსკოვში განაცხადეს, რომ სიუნიქში რუსეთის სამხედრო ბაზის ორი დამატებითი სამეთვალყურეო საგუშაგო განთავსდება. ერევანში მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთის უსაფრთხოებას დაიცავს.

სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი 20 ივნისს დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამ მიზნით მან ბლოკი ჩამოაყალიბა, რომელსაც „სომხეთი“ უწოდეს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ის ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მთავარი კონკურენტი იქნება.

დატოვე კომენტარი