სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის მონიტორინგის მიზნით, სომხეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შტაბის ჯგუფი ჩავიდა
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის მონიტორინგის მიზნით, სომხეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შტაბის ჯგუფი ჩავიდა

სომხეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შტაბის ოპერატიული ჯგუფი ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. ჯგუფს ხელმძღვანელობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვი. მედიის ცნობით, ჯგუფის მიზანია, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილ სიტუაციას მონიტორინგი გაუწიოს.

სომხური მედიის ცნობით, სიდოროვი უკვე შეხვდა სომხეთის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფი ეფექტურად იმუშავებს და ორგანიზაციას დეტალურ და ზუსტ ანგარიშს წარუდგენს.​ უახლოეს ხანში ოპერატიული ჯგუფის წევრები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთს მოინახულებენ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები 12 სექტემბერს მოხდა. შედეგად, სომხეთის მხრიდან დაიღუპა 105, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან – 71 სამხედრო მოსამსახურე. ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ბოლო ინფორმაციით, 14 სექტემბერს, საღამოს 20:00 საათიდან მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მას შემდეგ საზღვარზე ვითარება შედარებით დასტაბილურდა.