სოლსკიაერი - სატურნირო მდგომარეობა პრობლემა არ არის
სოლსკიაერი - სატურნირო მდგომარეობა პრობლემა არ არის

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი აცხადებს, რომ პრემიერ ლიგაში წელს აღზევებულ „ასტონ ვილასთან“ საკუთარ მოედანზე ნათამაშევი ფრეს შემდეგ სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილამდე დაქვეითება სანერვიულო საკითხი არ არის.

ანგარიში ამ მატჩში სტუმრებმა მე-11 წუთზე გახსნეს, თუმცა 42-ეზე მანჩესტერელებმა გათანაბრება მოახერხეს, მეორე ტაიმის მე-20 წუთზე კი წინაც გავიდნენ. მიუხედავად ამისა, ორ წუთში „ვილამ“ ისევ აღადგინა წონასწორობა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:2.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა 2009 წლის შემდეგ, როცა „ასტონ ვილამ“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სტუმრად არ წააგო.

„სატურნირო ცხრილში ჩვენი მდგომარეობა დიდად სანერვიულო საკითხი არ არის, რადგან სხვაობა გუნდებს შორის ძალიან მცირეა. ერთი გოლიც რომ გაგვეტანა, მეხუთეები ვიქნებოდით და ამ თემაზე ახლა საერთოდ არ ვილაპარაკებდი“, – ამბობს სოლსკიაერი, – „ახლა მთავარია თამაშის იმ დონეს მივაღწიოთ, რომელიც გვჭირდება და სტაბილურები გავხდეთ“.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ 14 მატჩიდან 18 ქულა აქვს, მეცხრე ადგილზე იმყოფება და მეხუთეზე მყოფ „ტოტენჰემს“ ორი ქულით ჩამორჩება.