სოლსკიაერი - დე ხეას შეუძლია ისტორიაში საუკეთესო გახდეს
სოლსკიაერი - დე ხეას შეუძლია ისტორიაში საუკეთესო გახდეს

ოლე გუნარ სოლსკიაერის თქმით, დავიდ დე ხეას შეუძლია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში საუკეთესო მეკარე გახდეს.

ეს კომენტარი ნორვეგიელმა სპეციალისტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც „წითელმა ეშმაკებმა“ სტუმრად „ტოტენჰემი“ დაამარცხეს (0-1), ესპანელმა მეკარემ კი 11 დარტყმა მოიგერია და ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

თავად სოლსკიაერმა, ფეხბურთელობისას, 11 წელი გაატარა მანჩესტერში და ისეთი მეკარეების მხარდამხარ უთამაშია, როგორებიც იყვნენ ედვინ ვან დერ სარი და პეტერ შმაიხელი.

„ამ კლუბში ჩვენ რამდენიმე დიდი მეკარე გვყავდა და, ჩემის აზრით, დე ხეას შეუძლია ედვინსაც აჯობოს და პეტერსაც“, – განაცხადა სოლსკიაერმა.

ესპანელმა ქება თვით პეტერ შმაიხელისგანაც დაიმსახურა. დანიელმა მეკარემ „ტვიტერის“ საშუალებით გუნდს გამარჯვება მიულოცა და დე ხეას „კედელი“ უწოდა.

„შესანიშნავი მოგება. დე ხეა კედელია“, – დაწერა შმაიხელმა.

დავიდ დე ხეა მანჩესტერ იუნაიტედში 2011 წელს, მადრიდის „ატლეტიკოდან“ გადავიდა და გასულ ხუთ სეზონში ოთხჯერ დაიმსახურა კლუბის წლის მოთამაშის წოდება.

შეგახსენებთ, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერი გუნდს დროებით ჩაუდგა სათავეში, მას შემდეგ, რაც პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო იქნა დათხოვილი. ნორვეგიელის ხელმძღვანელობით „იუნაიტედმა“ ექვსიდან ექვსი მატჩი მოიგო და 41 ქულით მეექვსე ადგილზეა, თუმცა ლიდერ „ლივერპულს“ 16 ქულით ჩამორჩება .