სოხუმის „დინამოს“ თავდამსხმელი ლიზი კაკულია მსოფლიო რეკორდის დამყარებასთან ახლოსაა #1TVSPORT
სოხუმის „დინამოს“ თავდამსხმელი ლიზი კაკულია მსოფლიო რეკორდის დამყარებასთან ახლოსაა #1TVSPORT

სოხუმის „დინამოს“ ბომბარდირმა ლიზი კაკულიამ ხაშურის „ივერიასთან“ მატჩში 8 გოლი გაიტანა, რაც კიდევ ერთი რეკორდია – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ქალთა ეროვნულ ლიგა 2-ში ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ლიზი კაკულიას 84 გოლი აქვს გატანილი, რაც მსოფლიო რეკორდია. 16 წლის ფეხბურთელი ოჩამჩირიდან დროებით დევნილთა ოჯახიდანაა. მას კიდევ ერთი მსოფლიოს რეკორდი ეკუთვნის – ერთ მატჩში გატანილი 19 გოლი.

ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ოთხი ტურია დარჩენილი და ვნახოთ, შეძლებს თუ არა კაკულია ერნსტ ვილიმოვსკის რეკორდის გაუმჯობესებას, რომელმაც 1940-1941 წლების სეზონში 107 გოლი გაიტანა, რაც ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით დღემდე საუკეთესო შედეგია, როგორც მამაკაცთა, ასევე ქალ ფეხბურთელთა შორის.

ამისათვის საჭიროა, რომ კაკულიამ დარჩენილ ოთხ მატჩში მინიმუმ 23 გოლი გაიტანოს, რათა რეკორდი გაიმეოროს, ხოლო 24 გოლის გატანის შემთხვევაში, ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით მსოფლიოში პირველი ფეხბურთელი გახდება, როგორც ქალ ასევე მამაკაც ფეხბურთელთა შორის“, – წერია სოხუმის „დინამოს“  პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.