„სოკერ.რუ“ - „ლოკომოტივის“ ახალ მწვრთნელს კვირკველიას იმედი აქვს
„სოკერ.რუ“ - „ლოკომოტივის“ ახალ მწვრთნელს კვირკველიას იმედი აქვს

გამოცემა „სოკერ.რუ“-მ რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი ფავორიტის, მოსკოვის „ლოკომოტივის“ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე წერილი გამოაქვეყნა – ავტორის აზრით, ახალ მთავარ მწვრთნელს, მარკო ნიკოლიჩს ქართველი მცველის სამსახური მინიმუმ სეზონის ბოლომდე დასჭირდება.

„ვინ იქნება გუნდის კაპიტნის, ხორვატი ვედრან ჩორლუკას პარტნიორი დაცვის ცენტრში? რა თქმა უნდა არა ბენედიქტ ჰვედესესი – ის წავიდა. ასევე ამტკიცებდნენ, რომ სხვა კლუბში მიდიოდა კვირკველიაც, რომელიც კარანტინის დროს ყოფილი მწვრთნელის, სიომინის აგარაკზე ვარჯიშობდა. რატომ ყოფილი მწვრთნელის სახლში?! როგორც ჩანს, იური პავლოვიჩმა გადაუხადა ძველი ვალი, რადგან საბა პრემიერლიგის გუნდში სიომინის გადაწყვეტილების შედეგად ვერ წავიდა. მაშინ ფორმის პიკში იყო. მერე დაკარგა დრო და სათადარიგოთა სკამზე მოხვდა. ახლა ის „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობას სჭირდება, რადგან ქართველი უფრო ძლიერი მცველია, ვიდრე ბრაზილიელი მურილიო. სეზონის დარჩენილ მატჩებში ნიკოლიჩი ფსონს კვირკელიაზე დადებს, შემდეგ კი მის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ალბათ, ჰევედესივით, გუნდის დატოვება საბასაც სურს. მაშინ დარჩებიან ჩორლუკა, მურილიო და გუნდს კიდევ ორი ცენტრალური მცველი დასჭირდება,“ – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ გავრცელებული ცნობის მიხედვით, მოსკოვის „ლოკომოტივს“ საბა კვირკველიასთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება და მისი გახანგრძლივება სურს.