სოფო ვერძეული - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები ყოველგვარი პროცედურისა და კრიტერიუმის გარეშე შეარჩია
სოფო ვერძეული - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები ყოველგვარი პროცედურისა და კრიტერიუმის გარეშე შეარჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს ყოველგვარი პროცედურის, კრიტერიუმისა და წინასწარ მომზადების გარეშე დაასახელა უზენაესი სასამართლოს წევრთა კანდიდატები, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გაუგებარია, რა ჯგუფში მომზადდა კანდიდატთა სია და რა კრიტერიუმით მოხდა მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა.

„დღეს საბჭომ ყოველგვარი პროცედურის, კრიტერიუმისა და წინასწარ მომზადების გარეშე დაასახელა უზენაესი სასამართლოს წევრთა კანდიდატები. ჩვენ ვამბობდით და დღესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროცედურას კანონმდებლობა არ იცნობს და ბოლომდე ბუნდოვანია, ვინ და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით იმსჯელა, ვინ და რა ჯგუფში მოამზადა ეს სია. სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით საბჭოს და პარლამენტსაც, რომ სანამ პროცედურები არ გაიწერებოდა კანდიდატების შერჩევის თაობაზე, ეს პროცესი არ დასრულებულიყო და ამ შედეგამდე არ მივსულიყავით. გასაგებია, რომ საზოგადოების ყურადღება ამ თემის მიმართ ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ნაჩქარევად, გვიან ღამით ჩაესვა დღის წესრიგში ეს საკითხი და დღეს უკვე კონკრეტული გვარები გამოაცხადეს, რომელშიც ბევრი პრობლემური მოსამართლე მოხვდა. თავი რომ დავანებოთ სიის შემადგენლობას, ყველაზე დიდი პრობლემაა პროცედურა. საუკეთესო კანდიდატებიც რომ დაესახელებინათ, ჩვენი მხრიდან ამ პროცედურის გამო იგივე პროტესტი იქნებოდა“,-აცხადებს სოფო ვერძეული.