სოფო ხორგუანი - ვაპირებ მთაწმინდელების გუნდში ყოფნას, მათი ინტერესების ლობირებას
სოფო ხორგუანი - ვაპირებ მთაწმინდელების გუნდში ყოფნას, მათი ინტერესების ლობირებას

ვაპირებ, ვიყო მთაწმინდელების სამსახურში, ვილაპარაკო სიმართლე, მივიღო გადაწყვეტილებები და ავიღო მათზე პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სოფო ხორგუანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პოლიტიკამ დაკარგა შინაარსი და მე მინდა პრაგმატული და პრაქტიკული პოლიტიკა. მაქვს კონკრეტული იდეები და გადაწყვეტილებები. ჯერ არ ვარ დეპუტატი, მაგრამ უკვე შევთავაზე მთავრობას, პარლამენტს და დედაქალაქის მერიას კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება ის, რაც დღეს პრობლემაა და თითქოს, ტვირთია ჩვენი მოქალაქეებისთვის, შემოსავლის წყაროდ აქციონ. მთავარი პრობლემა მაინც დასაქმებაა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აქამდე, რასაც ვუყურებთ, გვაქვს დაპირებები და ასეთი საუბარი – უნდა გავაკეთოთ, უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, უნდა მოვუაროთ. მინდა, ეს მომავალ დროში საუბარი დავასრულოთ“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.

მისი თქმით, ერთ ადამიანს 16 თვის განმავლობაში ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, თუ ის ყოველდღე იფიქრებს პრობლემების მოგვარების გზების ძიებაზე და გამოსავალზე.

„ფიქრი იმას ნიშნავს, რომ შენ იპოვე იდეა. პოლიტიკა რეალობის ხელოვნებაა და პოლიტიკოსი რას აკეთებს? – არის პრობლემა და ის უნდა მოუგვარო ადამიანებს. ამისთვის ხარ დაქირავებული. ჩვენს ხელისუფლებას ავიწყდება ხოლმე, რომ ის დაქირავებულია კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად და არა იმაზე სალაპარაკოდ, რა არის კარგი და რა ცუდი. როცა შენ ხარ პოლიტიკოსი, შენ უნდა აიღო ძალიან ბევრი იდეა, ამოარჩიო საუკეთესო და განახორციელო ისე, რომ ეს ჩემს ყოველდღიურობას დაეტყოს. ეს გაკეთებადია, შესაძლებელია და რეალურია. არასოდეს დავპირდები ვინმეს იმას, რასაც ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.

სოფო ხორგუანმა ასევ განაცხადა, რომ დღეს მთავარი პრობლემა უნდობლობაა, საზოგადოება პოლიტიკოსებს არ ენდობა და ამაში ყველა იმ ადამიანის ბრალეულობაა, ვინც პოლიტიკურ ხელისუფლებაში იყო.

„ამაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანა, ვინც პოლიტიკურ ხელისუფლებაში იყო. ისინი პირდებოდნენ ადამიანებს და შემდეგ დანაპირებს არ უსრულებდნენ. დიახ, მე დღეს მიწევს სხვათა უპასუხისმგებლობაზე პასუხის გაცემა და პასუხისგება. დღეს მე მოქალაქეები, ჩემი ამომრჩევლები უნდა დავარწმუნო იმაში, რომ მე არ მოვიქცევი ისე, როგორც წინამორბედები იქცეოდნენ და რასაც დავპირდები, იმას გავაკეთებ“, – განაცხადა ხორგუანმა.

როგორც მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, მას ზურგს არ უმაგრებს პარტია და არ ამბობს, რომ გუნდით მოდის და ეს გუნდი უნდა დაასაქმოს.

„მე ვაპირებ მთაწმინდელების გუნდში ყოფნას, მათ სამსახურში ყოფნას და მათი ინტერესების ლობირებას“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.