სოფიო სომხიშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT 
სოფიო სომხიშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT 

ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით, მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად 10 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან რვა სპორტსმენი მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს. კარგად ასპარეზობს მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი, რომელმაც ნახევარფინალში თურქი ესირ კუბრანური დაამარცხა და ფინალში იჭიდავებს.

ფინალში გასასვლელად იასპარეზა მარიამ ჭანტურიამაც (70კგ), მაგრამ იგი იტალიელ ძიუდოისტთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

100კგ წონით კატეგორიაში ქართული ნახევარფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ილია სულამანიძე და გიორგი ჩიქოვანი შეხვდნენ. დამატებით დროში გაფრთხილებებით სულამანიძემ გაიმარჯვა და გათამაშების ფინალში იჭიდავებს, ჩიქოვანი კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ტურნირზე მეორე შეხვედრა რუს ძიუდოისტს მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ასევე ნახევარფინალშია ამავე წონაში ვლადიმირ ახალკაციც.

ყველასთვის მოულოდნელად, მძიმეწონოსნები – გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილიც მეოთხედფინალში დამარცხდნენ და მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან გააგრძელეს, სადაც ორივემ გაიმარჯვა და ორივე ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ევროპის ჩემპიონატს ადრეულ სტადიაზე ნიკა ხარაზიშვილი (90კგ) და ნინო გულბანი (70კგ) გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკი 19:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე გუშინ საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა – ალეკო მამიაშვილი (73კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, გიორგი თუშიშვილმა (66კგ) კი ტურნირზე ბრინჯაოს მედალი აიღო.