სოფიო ქაცარავა - რუსეთის მხრიდან ჟენევაში კიდევ ერთხელ დავინახეთ დესტრუქციული ქმედება
სოფიო ქაცარავა - რუსეთის მხრიდან ჟენევაში კიდევ ერთხელ დავინახეთ დესტრუქციული ქმედება

სამწუხარო რეალობაა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ვერ შედგა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ დააყენა ყველა ის აქტუალური საკითხი, რომელიც ყოველთვის განიხილება ჟენევის ფორმატებში.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ვერ შედგა ვერანაირი მოლაპარაკება, რადგან რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დავინახეთ დესტრუქციული ქმედება, ეს არის სამწუხარო რეალობა. მათი მხრიდან არაერთი განცხადება მოვისმინეთ ქართული მხარის მტრულ რიტორიკასა და დესტრუქციულ ქმედებაზე, რაც არალოგიკურია, რადგან ყველა ჩვენი ქმედება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ არის მიმართული“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ჟენევაში რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა. აღნიშნულ თემაზე დისკუსიის თავიდან აცილების მიზნით, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან მოლაპარაკებები დატოვეს.