სოფიო ქაცარავა - აშშ-ში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო ამერიკისთვის
სოფიო ქაცარავა - აშშ-ში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო ამერიკისთვის

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო ამერიკისთვის.

„ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო ამერიკისთვის. დოკუმენტი ყოვლისმომცველია. ბევრ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებთან ერთად, ხაზს გავუსვამდი სანქციების ნაწილს.

დოკუმენტით ამერიკა სანქციების დაწესებას ითხოვს იმ პირების მიმართ, ვინც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებს არღვევს. თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაწილში ურთიერთობები სხვა ეტაპზე გადადის. საქართველოსთვის სავაჭრო ნაწილი მნიშვნელოვანია და მოწოდებაა, თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს“, – აცხადებს სოფიო ქაცარავა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი – ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი – ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს.