სოფელ მატანში დაუდგენელმა პირებმა საფლავები დაარბიეს
სოფელ მატანში დაუდგენელმა პირებმა საფლავები დაარბიეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა სოფლის სასაფლაოზე ექვსი საფლავი დაარბიეს და გაძარცვეს. მომხდარს პირველ არხთან ახმეტის მერი სოსო ქარუმაშვილი ადასტურებს.

„საფლავები სავარაუდოდ, გუშინ ღამით დაარბიეს. როგორც გავარკვიე, ექვსი სასაფლაოდან არის მოპარული ჯაჭვები და მარმარილო. მათ შორის ჭიჭიაშვილების საგვარეულო სასაფლაოდან წაღებულია ბრინჯაოს ნაკეთობა, რომელიც ამ ოჯახის წევრი მოქანდაკის მიერ არის გაკეთებული. ძალიან სამწუხარო ფაქტია, ეს პირველი შემთხვევა არ არის. 2009 წელსაც მოხდა მსგავსი ფაქტი. ადგილზე ექსპერტები იმყოფებიან და იმედი გვაქვს, გაირკვევა ყველაფერი”,- განუცხადა პირველ არხს ახმეტის მერმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო.