სოფელ ბუღაურაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს
სოფელ ბუღაურაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციამ სოფელ ბუღაურაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ერთი პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს – ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.