სნოუპარკის განვითარების პროგრამა სამთო-სათხილამურო კურორტებზე #1TVSPORT
სნოუპარკის განვითარების პროგრამა სამთო-სათხილამურო კურორტებზე #1TVSPORT

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში, ხორციელდება ახალი პროექტი. რომლის მიზანია შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მხარდაჭერა ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნის, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ორგანიზების, კურორტებზე უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების, მთის კურორტების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა მიმართულებით.  

„2023 წლამდე ქვეყანას აქვს ვალდებულება ჩაატაროს საერთაშორისო დონის შეჯიბრებები. არსებული გადამზადების პროექტი ემსახურება ჩვენი პერსონალის მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. პროექტში ჩართულია, როგორც გუდაურის, ასევე ბაკურიანის პერსონალი, რაც მნიშვნელოვანია ორივე კურორტის განვითარებისთვის“, – აღნიშნავს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ირაკლი ჭირაქაძე.

თანამშრომლობის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „სნოუპარკის პროდუქტის განვითარება.“ პროექტის პარტნიორები არიან საერთაშორისო კომპანიები Prinoth და F-Tech.

„აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან, როგორც ზამთრის ტურისტული პროდუქტების განვითარების, ასევე სპორტული ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებაში. მოწვეული გვყავს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც გაუზიარებენ გამოცდილებას მთის კურორტების კომპანიის თანამშრომლებს“, – ვანო ვაშაყმაძე, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი.

პროექტი მოიცავს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზამთრის ტურისტული პროდუქტის შექმნა-განვითარებას, სნოუპარკის მშენებლობას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და ინსტრუქტაჟს. ამ მიზნით, კომპანია Prinoth-სადა F-Tech-ის საერთაშორისო ექსპერტების მიერ გადამზადდნენ გუდაურის და ბაკურიანის თოვლსატკეპნი ტექნიკის მემანქანეოპერატორები, ღონისძიებების მართვის, ტექნიკური სამსახურისა და კომპანია White Rabbit-ისთანამშრომლები.

„გვიმუშავია არაერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სხვადასხვა კურორტზე. გუდაურში, დაგვხვდა გასაოცარი სათხილამურო კურორტი, უზარმაზარი მთები, თოვლი და უამრავი ადამიანი, ვინც ნამდვილად ბევრი გააკეთა სათხილამურო კურორტის წინსვლისთვის. ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ გაგიზიაროთ გამოცდილება“, – F-Tech-ის წარმომადგენელი, ჰარალდ გრისმაირი.

აღნიშნული პროექტის განხორციელება უმნიშვნელოვანესია, მთის კურორტების პოპულარიზაციისთვის, ზამთრის ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და სპორტული ღონისძიებების ღირსეული მასპინძლობისთვის. „სნოუპარკის პროდუქტის განვითარება“ კი წარმოადგენს განვითარების ახალ ეტაპს, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

დატოვე კომენტარი