სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა პირველი სასამართლო პროცესი დასრულდა
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა პირველი სასამართლო პროცესი დასრულდა

გორის რაიონულ სასამართლოში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა პირველი სასამართლო პროცესი დასრულდა.

ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროცესზე მხარეების შესავალი სიტყვის შემდეგ მტკიცებულებები წარადგინა ბრალდების მხარემ. ასევე, დაიკითხა ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმეც, რომლებიც უშუალოდ იცნობდნენ ლორა და რაიან სმიტებს.

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულს ვერდიქტი მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა და 14-მა მსაჯულმა უნდა გამოუტანონ. საქმეზე განაჩენი ერთ თვეში გამოცხადდება, რადგან 9-თვიანი ვადა სწორედ 9 აპრილს იწურება.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს და მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შემხებლობა მკვლელობასთან არ ჰქონია.

პროკურორ ზაზა დათუკიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე არაერთ მტკიცებულებას წარადგენს და მათი ერთობლიობა დაადასტურებს, რომ დანაშაული ნამდვილად მალხაზ კობაურის მიერ არის ჩადენილი.

სმიტების ოჯახის სამი წევრი ხადას ხეობაში 4 ივლისს მოკლეს.

9 ნოემბერს მალხაზ კობაურს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ, კობაურს ბრალად ედება არა მხოლოდ მამა-შვილი სმიტების მკვლელობა, არამედ ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას უვადო პატიმრობა ემუქრება.