სლუცკიმ დაშავებული კვარაცხელიას მდგომარეობაზე ისაუბრა - კუნთის ტრავმაა, რომლის სირთულესაც მალე გავიგებთ #1TVSPORT
სლუცკიმ დაშავებული კვარაცხელიას მდგომარეობაზე ისაუბრა - კუნთის ტრავმაა, რომლის სირთულესაც მალე გავიგებთ #1TVSPORT

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ეკატერინბურგის „ურალთან“ (1:0) პრემიერლიგის 26-ე ტურის მოგებული მატჩის შემდეგ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ილაპარაკა.

20 წლის ქართველი ფეხბურთელი შეხვედრის 31-ე წუთზე დრიბლინგის დროს შეჩერდა, ტკივილი იგრძნო და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა, მაგრამ ამ დროისთვის მისი დაზიანების ხასიათის შესახებ ინფორმაცია უცნობი იყო.

„ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ის მოედანზე მიკროდაზიანებით გამოვიდა. რას გვეტყვით მის მდგომარეობაზე?“ – სლუცკიმ პირველ რიგში ჟურნალისტის ამ კითხვას უპასუხა.

„ხვიჩა საერთო ჯგუფში ვარჯიშობდა და არანაირი დაზიანება არ ჰქონია. ვფიქრობ, რომ მას ბარძაყის ზედა კუნთი დაუზიანდა. რამდენად სერიოზულია ტრავმა და რა სიმძიმის, ეს გასაგები მას შემდეგ გახდება, როდესაც MRТ-ს (მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია) გადაიღებს,“ – განაცხადა სლუცკიმ.

„კვარაცხელიას გასვლის შემდეგ „რუბინი“ მეორე ტაიმში მთლიანად მოედნის ცენტრიდან ცდილობდა შეტევების განვითარებას. ხომ არ იყო ამის მიზეზი, რომ ხვიჩას გარეშე მეტოქის საჯარიმოსთან ზეწოლის გაკეთება გართულდა?“ – ყაზანელთა მთავარ მწვრთნელს ეს კითხვაც დაუსვეს.

„ხვიჩა არაფერ შუაშია. მიზეზების კომპლექსი არსებობდა, რამაც ეს განაპირობა. ჩვენ ერთნაირ ფიზიკურ მდგომარეობაში არ ვართ. ვიღაცას ვარჯიშს აცდენს, ვიღაც ახლახანს გამოჯანმრთელდა, ზოგს მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია და ჯერჯერობით ამ კუთხით ძალიან დაუბალანსებელ მდგომარეობაში ვართ, რომლის ნორმალიზებასაც ვცდილობთ,“ – ამბობს „რუბინის“ მთავარი მწვრთნელი.