სლუცკი მსაჯს კვარაცხელიას გამო დაუპირისპირდა - უამრავი სისხლჩაქცევა აქვს, ხალხი მის სანახავად დადის, ივანოვი კი უხეშობაზე არ რეაგირებს #1TVSPORT
სლუცკი მსაჯს კვარაცხელიას გამო დაუპირისპირდა - უამრავი სისხლჩაქცევა აქვს, ხალხი მის სანახავად დადის, ივანოვი კი უხეშობაზე არ რეაგირებს #1TVSPORT

„რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ „ზენიტთან“ (1:3) რუსეთის პრემიერლიგის მე–8 ტურის მატჩის შემდეგ მსაჯი სერგეი ივანოვი მიწასთან გაასწორა.

სლუცკი მატჩის განმავლობაში მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილებას არ მალავდა, მეორე ტაიმში კი ორი ყვითელი ბარათი მიიღო და სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს. სლუცკის აღშფოთების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ პეტერბურგელი მცველების უხეშობა გახდა, რის გამოც ფეხბურთელს თამაშის შემდეგ ექიმების დახმარება დასჭირდა.

„თუ ჩამოთვლით იმ დარღვევების რაოდენობას, რაც იყო და რომლებზეც რეაგირება არ ჰქონია, საამისოდ ხელების და ფეხების თითები არ მეყოფა. მთელ მსოფლიოში მსაჯები იცავენ შემტევ მოთამაშეებს და სწორადაც იქცევიან. ჩვენ გვყავს კვარაცხელია, რომელიც ახლა ყინულებში ზის, მას უამრავი სისხლჩაქცევა და რამოდენიმე ჰემატომა აქვს. ალბათ, მან ეს ყველაფერი თავისთავს უქნა?!. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მსაჯი ივანოვი არაკომპეტენტურია“, – განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.

„რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა არ დამალა, რომ მსაჯთან კამათი კვარაცხელიას გამო მოუვიდა და ამიტომ გაძევეს:

„ივანოვისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და არც მიგინებია. ვთქვი, რომ უზარმაზარ დარღვევებს ვერ ამჩნევს და რომ კვარაცხელიას ან ინ ბომის მსგავს შემოქმედებით ფეხბურთელებს ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ. ის, ინდივიდუალურად ძლიერ მოთამაშეებზე უზარმაზარი დარღვევების „გატარებით“, არსებითად საშუალებას იძლეოდა, მათ წინააღმდეგ წესები უსასრულოდ დაერღვიათ. ეს კი ტრავმიანობის ზრდას იწვევს. მე მსაჯს ვუთხარი, რომ მაყურებლები მოდიან კვარაცხელიას, მალკოლმის ან ძიუბას თამაშის საყურებლად, მაგრამ არა ბატონი ივანოვის მსაჯობის, რაზეც მან ორჯერ ყვითელი ბარათი მიჩვენა“, – ამტკიცებს სლუცკი.