სლოვენიამ საბერძნეთთან მეორე თამაშიც წააგო - დონჩიჩმა და ჩანჩარმა ტრავმების გამო მოედანი ნაადრევად დატოვეს #1TVSPORT
სლოვენიამ საბერძნეთთან მეორე თამაშიც წააგო - დონჩიჩმა და ჩანჩარმა ტრავმების გამო მოედანი ნაადრევად დატოვეს #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მომავალმა მეტოქემ, სლოვენიის ეროვნულმა გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და საბერძნეთთან 77:88 წააგო.

სლოვენიელთათვის აგვისტოში ეს უკვე მეორე შეხვედრა იყო ბერძნებთან (პირველში საბერძნეთმა 98:91 გაიმარჯვა). საბერძნეთის ნაკრები მოედანზე კვლავ იანის ანტეტოკუმპოს გარეშე იყო გასული.

სლოვენიის ნაკრებისთვის, მარცხზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ შეხვედრის დასრულება ტრავმების გამო ვერ მოახერხეს გუნდის ლიდერებმა, ლუკა დონჩიჩმა და ვლატკო ჩანჩარმა.

„დალას მავერიქსის“ სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა მოედანზე 13:37 წუთი გაატარა, 18 ქულა დააგროვა და შეხვედრის საუკეთესო მექულე გახდა. მან ტრავმა მეორე მეოთხედის დასასრულს მიიღო და მოედანზე აღარ გამოჩენილა. როგორც სლოვენიური გამოცემები წერენ, დონჩიჩის ტრავმა ძალიან სერიოზული არაა და ის მუნდიალამდე დაბრუნებას მოახერხებს.

უფრო მძიმედაა საქმე ვლატკო ჩანჩარის დაზიანების შემთხვევაში. მან ჩატენვის შემდეგ დაშვებისას იტკინა მუხლი და პარკეტი თანაგუნდელების დახმარებით დატოვა. როგორც სლოვენიის კალათბურთის ფედერაციაში აცხადებენ, ჩანჩარს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება.

გუშინ, მოსამზადებელ ეტაპზე თავისი პირველი მატჩი ითამაშა კაბო ვერდეს ნაკრებმაც. იტალიაში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე აფრიკელები ჩინეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 66:86 დამარცხდნენ. მხოლოდ 6 ქულის დაგროვება მოახერხა კაბო ვერდეს ნაკრების ლიდერმა, მადრიდის „რეალის“ ცენტრმა, ვალტერ ტავარესმა. საუკეთესო კი ივან ალმეიდა იყო 20 ქულით. კუნძულელები ტურნირზე მესამე ადგილის დაკავებას შეეცდებიან, ისინი დღეს თურქეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.

საქართველოს, სლოვენიის, კაბო ვერდესა და ვენესუელას ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფში იასპარეზებენ, შეხვედრებს იაპონიის ქალაქი ოკინავა უმასპინძლებს. ილიას ზუროსის გუნდი სლოვენიას 30 აგვისტოს, ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში დაუპირისპირდება.