„სლოვანმა“ მოიგო და გალიდერდა - ვაისმა სამივე ქართველი ათამაშა #1TVSPORT
„სლოვანმა“ მოიგო და გალიდერდა - ვაისმა სამივე ქართველი ათამაშა #1TVSPORT

ქართველების „სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატში მესამეადგილოსანს, ტრნავას „სპარტაკს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.

კორგონ ლიგის საჩემპიონო ჯგუფის მეშვიდე ტურამდე ვლადიმირ ვაისის გუნდი მეორე ადგილზე იყო და აუცილებლად უნდა მოეგო, ლიდერი „დუნაისკა სტრედა“ უკან რომ ჩამოეტოვებინა.

ბრატისლაველების მთავარმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში სამივე ქართველი ათამაშა – გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც სლოვაკი სპეციალისტის დავალებით არა ფლანგზე, არამედ თავდამსხმელების უკან მოქმედებდა.

„სლოვანმა“ ანგარიში პირველ ტაიმში პენალტით გახსნა. მედვედევის წაქცევისთვის „სპარტაკის“ კარში დანიშნული პენალტი ალექსანდარ ჩავრიჩმა უნაკლოდ შეასრულა და როგორც საბოლოოდ გაირკვა, ბრატისლაველებს გამარჯვება მოუტანა – 1:0.

„სლოვანმა“ 63 ქულა დააგროვა, „დუნაისკა სტრედას“ (61) გადაასწრო და საჩემპიონო ჯგუფში გალიდერდა. თუმცა, ბრატისლაველების კონკურენტს ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს, რომელსაც 30 აპრილს გასვლაზე „პოდბრეზოვასთან“ გამართავს.