სლოვაკური გუნდი „საბურთალოს“ ფეხბურთელებისთვის ტრამპლინი ხდება - კუხიანიძემ „ზლინს“ გაუტანა #1TVSPORT
სლოვაკური გუნდი „საბურთალოს“ ფეხბურთელებისთვის ტრამპლინი ხდება - კუხიანიძემ „ზლინს“ გაუტანა #1TVSPORT

„ტიპსპორტის“ ლიგაზე (ჩეხური და სლოვაკური გუნდების ტურნირი) სლოვაკური გუნდი „ზლატე მორავცე“, რომელიც „საბურთალოს“ პარტნიორი გახდა, ჩეხურ „ზლინს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ორივე გუნდში ოთხმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა, ერთადერთი გოლიც ჩვენებურის ანგარიშზეა.

იური ტაბატაძემ და გიორგი ჯინჯოლავამ „ზლატე მორავცეს“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს, ხოლო სერგო კუხიანიძე შეცვლაზე შევიდა და 65-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მატჩის ბედი გადაწყვიტა. „ზლინში“ კი „სამტრედიის“ ყოფილი თავდამსხმელი თორნიკე ახვლედიანი იყო სასტარტო თერთმეტეულში, ის 66-ე წუთზე შეცვალეს. ამავე გუნდში არ უთამაშია ასევე „სამტრედიიდან“ გადასულ ზვიად ნაჭყებიას, რომელიც ტრავმირებულია.

სლოვაკური კლუბისა და „საბურთალოს“ თანამშრომლობის შედეგად, „ზლატე მორავცეში“ იჯარით გადავიდნენ ტაბატაძე და ჯინჯოლავა, მალე კი მათ რიგებში ლევან ნონიკაშვილიც ჩაირიცხება. სერგო კუხიანიძე სინჯებზეა, რომელიც „საბურთალოსთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ სლოვაკურ გუნდში იჯარით გადავა.

მოლაპარაკების მიხედვით, „ზლატე მორავცე“ ევროპაში „საბურთალოს“ პარტნიორი უნდა გახდეს და ევროპაში თბილისური კლუბის მოთამაშეებისთვის გადასვლას შეუწყოს ხელი.