სლოვაკური გამოცემა - კაშიამ „სლოვანის“ დაცვას თავდაჯერება შემატა #1TVSPORT
სლოვაკური გამოცემა - კაშიამ „სლოვანის“ დაცვას თავდაჯერება შემატა #1TVSPORT

სლოვაკურმა გამოცემა dennikn-მა ბრატისლავასსლოვანის“მცველს, გურამ კაშიას წერილი მიუძღვნა, სადაც ქართველი ფეხბურთელის ნიდერლანდური კარიერა გაიხსენა.

ვაისს ბრატისლავას „სლოვანში“ ორი ქართველი ეხმარება. გურამ კაშია და ჯაბა კანკავა. „სლოვანის“ მცველმა, კაშიამ პროფესიული კარიერა ყველაზე წარმატებულ ქართულ კლუბში, „დინამო თბილისში“ დაიწყო. 23 წლის ასაკში გადავიდა ნიდერლანდების „ვიტესში“, სადაც რვა წელი თამაშობდა და თითქმის 300 მატჩი ჩაატარა. ის გახდა კაპიტანი კლუბში, რომელსაც ლონდონის „ჩელსისთან“ დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებს. 2016/2017 წლების სეზონში კაშია გუნდს ნიდერლანდების თასის მოგებაში დაეხმარა და კლუბში დიდი კვალი დატოვა“, – წერს გამოცემა.

dennikn-ის შეფასებით, გურამ კაშიას ლიდერის თვისებები გააჩნია და 34 წლის ქართველმა მცველმა სლოვაკეთს ჩემპიონის დაცვა უფრო საიმედო გახადა:

„კაშია საქართველოს ნაკრებშიც ყოველთვის ლიდერი იყო. საქმე არა მხოლოდ დაცვას, არამედ, მთელ გუნდს ეხება. ის კვლავ აქტიურია, თამაშს კარგად კითხულობს და პირველ რიგში, ჭკუით თამაშობს. „სლოვანში“ ჩასვლის შემდეგ, კაშიამ გუნდის დაცვის მეტ თავდაჯერებულობას შეუწყო ხელი და ადვილად გამონახა საერთო ენა „სლოვანის“ კაპიტან ვასილ ბოჟიკოვთან, რომელმაც ბულგარეთის ნაკრების შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა“, – ვკითხულობთ dennikn-ში.

ავტორმა ქართველი მცველის საზოგადოებრივი აქტიურობაც აღნიშნა: 

„2017 წლის ოქტომბერში, „ვიტესის“ კაპიტნის რანგში, ლგბტ თემის მხარდასაჭერად კაპიტნის სამკლავური მოირგო, ზოგიერთმა ქართველმა მას ეროვნული ნაკრების დატოვებისკენ მოუწოდა, მაგრამ ნელ-ნელა ეს ვნებები დაცხრა. ის ასევე აქტიური იყო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხებზეც და ნიდერლანდებში ერთ-ერთ ინტერვიუში რუსეთის ოკუპაციაზე ყურადღება გაამახვილა“.