სლოვაკური გამოცემა - გასაკვირი არ არის, რომ ჩაკვეტაძემ „სლოვანში“ დარჩენას ინგლისში თამაში ამჯობინა #1TVSPORT
სლოვაკური გამოცემა - გასაკვირი არ არის, რომ ჩაკვეტაძემ „სლოვანში“ დარჩენას ინგლისში თამაში ამჯობინა #1TVSPORT

სლოვაკური გამოცემა Aktuality გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდში“ გადასვლას გამოეხმაურა. ტრანსფერზე ინფორმაცია, „ჯეო თიმის“ შემდეგ, ბრიტანულმა მედიამ და ვებგვერდმა Transfermarkt-მაც გაავრცელა. თუმცა, „უოტფორდს“ ამბავი ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

„სლოვანის“ იმედების დასასრული, ჩაკვეტაძე ინგლისში გადადის

გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავის „სლოვანში“ აღარ დაბრუნდება. ქართველი ფეხბურთელი ინგლისის ჩემპიონშიფის „უოტფორდში“ ერთწლიანი იჯარით გადადის.

კმოტრიკი გვაფრთხილებდა

„სლოვანი“ ჩაკვეტაძის შენარჩუნებას ცდილობდა. თუმცა, წინასასეზონო პრესკონფერენციაზე კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ივან კმოტრიკ-უმცროსმა ქართველის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა. ამ დროს ჩაკვეტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეცში“ გადასვლას აპირებდა.

„ჩაკვეტაძის აგენტთან კავშირი დღემდე მაქვს. საკითხი ჯერ კიდევ ღიაა, მაგრამ, სამწუხაროდ, გიორგისთვის „სლოვანი“ პრიორიტეტი აღარ არის. მას შეთავაზება აქვს საფრანგეთის ლიგა 1-დან“, – განაცხადა კმოტრიკმა.

„უოტფორდი“ 2021-2022 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობდა, გასულ სეზონში კი  ჩემპიონშიფში მე-11 ადგილი დაიკავა. გუნდს მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი ვალერიენ ისმაელი ხელმძღვანელობს.

ჩაკვეტაძის შეძენას „ლივერპული“, „ბარსა“ და „ბაიერნი“ ცდილობდნენ, მაგრამ „სლოვანში“ მოხვდა

ინგლისურ კლუბებს ადრეც სურდათ ჩაკვეტაძის შეძენა. ამის შესახებ „სლოვანის“ მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ამბობდა.

„18-19 წლის ასაკში საქართველოს ნაკრებში თითქმის მარტომ მოიგო ერთა ლიგის D დივიზიონი და თავის ქვეყანაში მეგავარსკვლავი გახდა. მას იწვევდნენ „ჩელსი“, „ბარსელონა“, „რომა“ და დორტმუნდის „ბორუსია“. ის აუცილებლად დიდ კლუბში მოხვდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯვარედინი იოგები დაიზიანა“, – განაცხადა „სლოვანის“ მწვრთნელმა.

როდესაც 19 წლის ჩაკვეტაძე „დინამო თბილისიდან“ „გენტში“ გადავიდა, მისი საბაზრო ღირებულება ცხრა მილიონი ევრო გახდა. ქართული კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ დაადასტურა, რომ მისით „ლივერპული“, „ტოტენჰემი“ და „ლევერკუზენი“ იყვნენ დაინტერესებული. შეთავაზება მიუნხენის „ბაიერნიდანაც“ ჰქონდა. 2019 წლის იანვარში უეფა-მ 21 წლამდე 50 საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელა.

ოპერაციების შემდეგ ცოტას თამაშობდა

მაგრამ ჩაკვეტაძემ მძიმე ტრავმა მიიღო, ჯვარედინი იოგები დაიზიანა, ორი ოპერაცია გაიკეთა და დიდი ხანი ვეღარ თამაშობდა. მას საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა დახმარების ხელი გაუწოდა. გამოცდილმა სპეცისლისტმა მედიასა და გულშემატკივრებს მოთმინება სთხოვა: „ჩაკვეტაძემ „გენტში“ ბევრი ტკივილი და იმედგაცრუება გადაიტანა, მაგრამ მე მას ვიცნობ და ვიცი, რაც შეუძლია. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კარგ ფორმაშია და მჯერა, რომ თავის დიდ პოტენციალს გამოავლენს“.

ქართველი ფორმა აღიდგინა და მიუხედავად იმისა, რომ შთამბეჭდავი სტატისტიკა არ ჰქონდა („სლოვანში“ 47 თამაში, ერთი გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე პასი შეასრულა), მან კარგი ფეხბურთი აჩვენა და გულშემატკივართა ფავორიტი გახდა. სეზონის ბოლოს „სლოვანის“ გულშემატკივრები ივან კმოტრიკს ჩაკვეტაძის ტრანსფერის განხორციელებისკენ მოუწოდებდნენ.

გასაკვირი არ არის, რომ გიორგისთვის ინგლისში თამაში უფრო მიმზიდველი ვარიანტი აღმოჩნდა – ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში დაწინაურება უფრო ადვილია“, – წერს სლოვაკური გამოცემა.