სლოვაკეთში ქართველების გუნდები ლიდერობენ - ქვილითაიას „არისის“ მატჩი ინციდენტით დასრულდა #1TVSORT
სლოვაკეთის ჩემპიონატში ცოტნე კაპანაძისა და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედა“ სტუმრად „სკალიცას“ დაუპირისპირდა და ქულას დასჯერდა – 1:1. კაპანაძეს არ უთამაშია, გაგუა კი შეცვლაზე 89-ე წუთზე შევიდა. „დუნაისკა სტრედას“ 19 ქულა აქვს და „ჟილინასთან“ ერთად სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს.
კვიპროსის ჩემპიონატში გიორგი ქვილითაიას „არისმა“ გასვლით მატჩში „ომონიასთან“ მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა – 0:0. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, საფინალო სასტვენის შემდეგ კი ფეხბურთელებს შორის ინციდენტიც მოხდა, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში იური ტაბატაძის „კადისი“ „ლას პალმასს“ ესტუმრა და ამჯერად ქულას დასჯერდა – 0:0. ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს.
ბელგიის ჟუპილერ ლიგაში გიორგი ყავლაშვილის „როიალ უნიონი“ „ბრიუგესთან“ გასვლაზე 0:1 დამარცხდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე განაცხადში არ ყოფილა.