სლოვაკეთის პრემიერმა ბოდიში მოიხადა ხუმრობის გამო, რომ ვაქცინის სანაცვლოდ, რუსეთს უკრაინის ერთ-ერთ რეგიონს გადასცემდა
სლოვაკეთის პრემიერმა ბოდიში მოიხადა ხუმრობის გამო, რომ ვაქცინის სანაცვლოდ, რუსეთს უკრაინის ერთ-ერთ რეგიონს გადასცემდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, იგორ მატოვიჩმა ბოდიში მოიხადა ხუმრობის გამო, რუსული ვაქცინის სანაცვლოდ რუსეთისთვის უკრაინის იმიერკარპატეთის ოლქის გადაცემასთან დაკავშირებით. იგორ მატოვიჩმა თქვა, რომ „სპუტნიკის“ სანაცვლოდ, რუსეთს უკრაინის რეგიონს გადასცემდა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

სლოვაკეთი გახდა ევროკავშირის მეორე ქვეყანა, უნგრეთის შემდეგ, რომელიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინა „სპუტნიკს“ მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ვაქცინის გამოყენება ოფიციალურად დამტკიცებული არ არის. ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუს დროს, იგორ მატოვიჩს ჰკითხეს, რას დაპირდა მოსკოვს ვაქცინის სანაცვლოდ, რაზეც მატოვიჩმა უპასუხა: „უკრაინის იმიერკარპატეთს“.

უკრაინის ეს ოლქი სლოვაკეთს ესაზღვრება. აღნიშნულ განცხადებას უკრაინის პროტესტი მოჰყვა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში სლოვაკეთის ელჩი დაიბარეს და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია. მოგვიანებით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სლოვაკეთის პოზიცია, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ყოველთვის ცხადი იყო და შეუსაბამო რეაქციის გამო, უკრაინელ მეგობრებს ბოდიშს უხდის.

დატოვე კომენტარი