Sky-ს ჟურნალისტი - თუ კონტრაქტი სწრაფად არ განახლდება, კვარაცხელიას და „ნაპოლის“ ურთიერთობის გაუარესების რისკი არსებობს #1TVSPORT
„ნაპოლის“ მკვეთრი განცხადება, რომ იტალიის ჩემპიონი ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებას არ აპირებს, აპენინებზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა გახდა.
გამოცემა La Repubblica „ნაპოლის“ პრესრელიზს აანალიზებს და ასკვნის, რომ კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის ეს ნაბიჯი ქართველი ფეხბურთელის მენეჯერის, მამუკა ჯუღელის მოთხოვნებმა განაპირობა.
„ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების შესახებ „ნაპოლის“ სოციალურ ქსელში მძაფრი პოსტი მთავარი მოვლენა გახდა. ფაქტობრივად, კლუბმა ამბების გახმოვანებას თაღლითობა უწოდა.
რეალურად, კლუბს აქვს იდეა, რომ კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზოს, მაგრამ არც მეთოდები არის შერჩეული და ჯერ საკითხი არც განუხილავთ. თუმცა ნეაპოლიტანელთა აფეთქებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ ფეხბურთელის აგენტი, მამუკა ჯუღელი მუდმივად აჟღერებდა ხელფასის 2,5 მილიონიდან 5 მილიონამდე გაზრდის მოთხოვნას, რაც ჭორების სათავე გახდა“, – წერს იტალიური გამოცემა.
Sky-ს ცნობილი ჟურნალისტი ლუკა მარკეტი კი ხაზს უსვამს რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტების განახლების გადადებასთან.
„ვითარება დელიკატურია და ორივე მხარის სწრაფ მოქმედებას მოითხოვს. მხარეებს შორის არაერთი დიალოგის მიუხედავად, ოსიმენისა და კვარაცხელიას კონტრაქტები ჯერ არ გახანგრძლივებულა. ოსიმენთან ურთიერთობა დაძაბული არ არის, კვარაცხელიასთან კი ვითარება ნაკლებად ნათელია.
თუ განახლება სწრაფად არ მოხდება, არსებობს მნიშვნელოვანი რისკები. მათ შორისაა ფეხბურთელებსა და კლუბს შორის ურთიერთობის გაუარესება, ასევე იმის შესაძლებლობა, რომ კონტრაქტის ვადის დასრულებამდე ერთი წლით ადრე მოთამაშეები სხვადასხვა („ნაპოლისთვის“ მიუღებელ) გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – აცხადებს ლუკა მარკეტი.