სკოტ ბესენტი – „სტარლინკთან“ დაკავშირებული განცხადებების დროს ვოლოდიმირ ზელენსკი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს
აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ „სტარლინკთან“ დაკავშირებული განცხადებების დროს ვოლოდიმირ ზელენსკი „ძალიან ფრთხილად“ უნდა იყოს.
მისივე თქმით, უკრაინის ლიდერის განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, უკრაინაში „სტარლინკისა“ და „სტარშილდის“ ფუნქციონირება შეიზღუდა, „უკიდურესად უპასუხისმგებლოა“. ბესენტმა ამის შესახებ „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის სახაზინო მდივანმა გაიმეორა ტრამპის ადმინისტრაციის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონს კიევისთვის „სტარლინკზე“ წვდომა არ შეუზღუდავს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა, რუბიომ კატეგორიულად განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში არავის გაუკეთებია ეს. და მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან ასეთი ბრალდებების წაყენება უკიდურესად უპასუხისმგებლოა. პრეზიდენტი ზელენსკი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ისეთი განცხადებების გაკეთებისას, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ბესენტმა.
ცნობისთვის, 14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, სერგეი ბესკრესტნოვმა განაცხადა, რომ კომპანია „სფეის იქსმა“ უკრაინელი სამხედროებისთვის „სტარლინკის“ მუშაობის სიჩქარე შეზღუდა. მისი თქმით, „სფეის იქსმა“ „სტარლინკის“ მოძრავი ტერმინალებისთვის სიჩქარის შეზღუდვა 14 ოქტომბრის ღამეს აამოქმედა.
ამასთან, გამოცემა „ტელეგრაფმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სფეის იქსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ტრამპს შესთავაზა, შეეზღუდა უკრაინის სამხედროების მიერ გამოყენებული „სტარლინკისა“ და „სტარშილდის“ თანამგზავრული ქსელების სიმძლავრე.