სკოტ ბესენტი - გრენლანდიის დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ის აშშ-ის ნაწილი იქნება, მეტიც, თუ ის აშშ-ის ნაწილი იქნება, მისი დაცვა საჭირო არ იქნება
გრენლანდიის დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ის აშშ-ის ნაწილი იქნება; მეტიც, თუ ის აშშ-ის ნაწილი იქნება, მისი დაცვა საჭირო არ იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
სკოტ ბესენტი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ევროპული ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესების საკითხს სწორად მიიჩნევს და აცხადებს, რომ „ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილებას ნიშნავს“.
„ეს პრეზიდენტის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ეს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის ეკონომიკური ძალა ცხელი ომის თავიდან ასაცილებლად. რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს?“ – აცხადებს აშშ-ის სახაზინო მდივანი „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში.
სკოტ ბესენტს ჰკითხეს, რითი იქნება განსხვავებული აშშ-ის მიერ გრენლანდიის ანექსია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისგან, რაზეც აშშ-ის სახაზინო მდივანმა უპასუხა: „მჯერა, ევროპელები გაიგებენ, რომ ეს საუკეთესოა გრენლანდიისთვის, საუკეთესოა ევროპისთვის და საუკეთესოა შეერთებული შტატებისთვის“.
მისი თქმით, დონალდ ტრამპი სტრატეგიულად მოქმედებს.
„პრეზიდენტი ტრამპი სტრატეგიულად მოქმედებს. ის შორს იყურება. ის წელსაც და მომავალ წელსაც განიხილავს, თუ რა შეიძლება მოხდეს არქტიკულ ბრძოლაში. ჩვენ არ გადავცემთ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას აუთსორსინგით. ჩვენ ჩვენი ნახევარსფეროს უსაფრთხოებას სხვა ქვეყნებს აუთსორსინგით არ გადავცემთ“, – აღნიშნა ბესენტმა ინტერვიუში.