სკოტ ბესენტი – აშშ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ირანის ფინანსურ კავშირებზე ზეწოლის გაძლიერებას იწყებს

21:59, 24.08.2026

აშშ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ირანის ფინანსურ კავშირებზე ზეწოლის გაძლიერებას იწყებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

საერთო ჯამში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები ირანთან დაკავშირებულ თითქმის 60 კომპანიას, ფიზიკურ პირსა და გემს დაუწესა. ბესენტის თქმით, ვაშინგტონის მთავარი მიზანია ირანის რეჟიმის ფინანსური წყაროების სრულად შეზღუდვა.

„ჩვენი მიზანია, გავწყვიტოთ ყველა ეკონომიკური სასიცოცხლო ხაზი, რომელიც ამ ტირანულ რეჟიმს არსებობის საშუალებას აძლევს, ვიდრე თეირანი სრულ იზოლაციაში არ აღმოჩნდება. ფინანსთა სამინისტრომ შეისწავლა ყველა რგოლი, ყველა შუამავალი და ყველა ქსელი, რომელსაც ირანი ნავთობის კონტრაბანდისა და სანქციებისთვის თავის არიდებისთვის იყენებს“, – განაცხადა ბესენტმა.

როგორც ბესენტმა აღნიშნა, სანქციები შეეხო ირანის ბირთვულ, სარაკეტო, კიბერ და ნავთობის ქსელებს. მისივე თქმით, სანქციების სამიზნე გახდა ბროკერი კომპანიების ქსელი, რომელიც „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჰონგ კონგში, ჩინეთში, სინგაპურში, შვეიცარიასა და ევროპის ქვეყნებში ემსახურება.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ასევე ყურადღება გაამახვილა ციფრული აქტივების, ტექნოლოგიების, ოქროს, ავიაციისა და საზღვაო გადაზიდვების სექტორებზე, რომელთა წინააღმდეგაც შესაძლოა, სანქციები დაწესდეს. ამასთან, შეჩერებულია ის ზოგადი ლიცენზიები, რომლებიც ირანთან გარკვეული სახის ფულადი გზავნილების განხორციელების შესაძლებლობას იძლეოდა.

ამასთან, ბესენტის განცხადებით, თითოეულ ქვეყანას აქვს „განსაზღვრული ვადა“, რათა შეწყვიტოს ის საქმიანობა, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოავლინა. ბესენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოს ლიდერებს ესაუბრება და მათგან თეირანთან ურთიერთობების შეწყვეტას ითხოვს. მისი განცხადებით, ვაშინგტონმა უკვე დაინახა გარკვეული შედეგები, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა შედეგებზე საუბრობდა.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნები, რომლებიც ვაშინგტონის პოზიციას დაუჭერენ მხარს, აშშ-თან პარტნიორობისგან სარგებელს მიიღებენ, ხოლო ირანის რეჟიმთან თანამშრომლობის გაგრძელებას შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს.

„ისინი, ვინც შეერთებული შტატების გვერდით დადგებიან, ჩვენი პარტნიორობისგან სარგებელს მიიღებენ. ისინი კი, ვინც ირანის რეჟიმს დაუკავშირდებიან, უნდა ელოდონ, რომ მათაც მოუწევთ ამ იზოლაციის გაზიარება“, – განაცხადა ბესენტმა.

ამასთან, ბესენტს ჰკითხეს, რატომ არ მოხვდნენ სიაში ჩინური ბანკები.

„გვსურს, დღეს ნათლად განვაცხადოთ, რომ არავინ არის აშშ-ის სანქციების მიღმა“, – განაცხადა ბესენტმა.

მისი თქმით, ვაშინგტონი სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას პირველ ეტაპზე ე.წ. მშვიდ დიპლომატიას ანიჭებს უპირატესობას.

„ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყნებთან ურთიერთობის საუკეთესო გზა მშვიდი დიპლომატიაა. ჩვენ ყველა ქვეყანას ვუხსნით ჩვენს მოლოდინებს. ჩვენ ვიცით, ვინ არიან ისინი. მათაც იციან, ვინ არიან“, – განაცხადა ბესენტმა.

მისი განცხადებით, უახლოეს დღეებში შესაძლოა, ვაშინგტონმა ახალი მნიშვნელოვანი სანქციების შესახებაც გამოაცხადოს.

„ველოდები, რომ ამ კვირის ბოლომდე ნახავთ მნიშვნელოვან განცხადებას, რომელიც ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას შეეხება“, – განაცხადა ბესენტმა.

მისი თქმით, ის ორგანიზაციები, რომლებიც ირანისთვის ფულის გათეთრებას ხელს უწყობენ, შესაძლოა, აშშ დოლარის გლობალური ფინანსური სისტემიდან გაითიშონ.

„ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ირანის სახელით ფულის გათეთრებას შეუწყობს ხელს, აშშ დოლარის სისტემიდან გაითიშება. ახლა მსოფლიო ლიდერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება კეთილდღეობასა და იზოლაციას, მშვიდობასა და ტერორს შორის. ამერიკა და ირანი. კამპანია, რომელსაც დღეს ვიწყებთ, ყოველი მომდევნო დღის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდება. და ის არ დასრულდება, ვიდრე ეს რეჟიმი სრულ იზოლაციაში არ აღმოჩნდება“, – განაცხადა ბესენტმა.

მსგავსი