სხვებისგან განსხვავებით, ის ფეხბურთელებს არ უყვიროდა - არველაძემ ვან გალი გაიხსენა
სხვებისგან განსხვავებით, ის ფეხბურთელებს არ უყვიროდა - არველაძემ ვან გალი გაიხსენა

„სანამ ლუი ვან გალს „ალკმაარში“ შევხვდებოდი, დიდ მწვრთნელებთან მიმუშავია, მაგრამ ის სრულიად განსხვავებული იყო“, – განაცხადა ცნობილ ნიდერლანდელ სპეციალისტზე შოთა არველაძემ რუსულმა გამოცემა „სპორტს.რუ“-სთან ინტერვიუში .

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ტაშკენტის „პახტაკორის“ მთავარი მწვრთნელია, ლუი ვან გალთან 2008-2010 წლებში „ალკმაარში“, თანაშემწედ მუშაობდა და ეს პერიოდი გაიხსენა:

„ლუი ვან გალი, ისევე როგორც იოჰან კრუიფი, ფეხბურთს ფილოსოფიურად უყურებს. ის ფეხბურთელებს ერთი შეხედვით გასაკვირ შეკითხვებს უსვამდა, რომ მათი ძლიერი მხარეები წარმოეჩინა. ყველაზე მეტად გამაკვირვა შეკითხვამ, რომელიც მანამდე არავის დაუსვამს: თავით უკეთესად რომელ მხარეს ვხტებოდი, გადაცემა მარცხნიდან მოდიოდა თუ მარჯვნიდან? მას აინტერესებდა, საყრდენად რომელ ფეხს ვიყენებდი და შემდეგ ფეხბურთელები სტანდარტებზე ამის საფუძველზე დაგვაყენა. ასეთი პატარა დეტალი უამრავი იყო. მე, როგორც ფეხბურთელი, მისი აზრების წაკითხვას ვერასდროს ვახერხებდი. მხოლოდ მის ასისტენტად მუშაობის შემდეგ დავიწყე იმის გაგება, მისგან კონკრეტულ ვითარებაში რას უნდა ველოდო“, – აცხადებს არველაძე.

ვეტერანი ქართველი სპეციალისტი ამბობს, რომ ვან გალი თამაშის უჩვეულო შეფასებებითაც დაამახსოვრდა:

„ვფიქრობდით, რომ კარგად ვთამაშობდით, შესვენებაზე კი ვან გალი ამბობდა, რომ ეს საშინელი ფეხბურთი იყო. პირიქითაც მომხდარა. მე არ მახსოვს არცერთი მწვრთნელი, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ მშვიდად ახსნიდა, რა უნდა გამოგვესწორებინა. მწვრთნელების უმეტესობა, ჩვეულებრივ ყვიროდა, რომ ფეხბურთელები უსინდისოები ვართ და დიდ ფულს ვიღებთ. თუ მუდმივად იყვირებ, ეს ვერ იმუშავებს. ჩვენ რომ დავმარცხდებოდით, ვან გალი მატჩის შემდგომ გარჩევებს არ გვიწყობდა – ჩხუბის შემდეგ, მუშტებს არ იქნევდა“.