სხირტლაძემ გაიტანა და ფინალში პარუნაშვილის გუნდს შეხვდება [ვიდეო]

„სილკებორგმა“ დანიის სუპერლიგის პლეი ოფში „ჰელსინგორი“ ორი მატჩის ჯამში 5:4 დაამარცხა და ლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა, ამაში კი დავით სხირტლაძემ თავისი წვლილი შეიტანა.

პირველი მატჩი 1:1 დასრულდა. ამჯერად „სილკებორგმა“ მეტოქე საშინაო არენაზე მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან აგებდა, საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა – 4:3. 24-ე წუთზე „ჰელსინგორის“ კარი ქართველმა თავდამსხმელმა აიღო. მან ფლანგური გადაცემა თავური დარტყმით დააგვირგვინა. „სილკებორგის“ მეორე ქართველი ლეგიონერი, მათე ვაწაძე განაცხადში ამჯერადაც ვერ მოხვდა.

„სილკებორგი“ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას პლეი ოფის ფინალში „ესბიერგთან“ ორმატჩიან რაუნდში შეეცდება: სხირტლაძის გუნდი მეტოქეს 24 მაისს მიიღებს, 27-ში კი „ესბიერგის“ სტადიონზე ესტუმრება.

„ესბიერგში“ სხირტლაძის მოწინააღმდეგე ლაშა პარუნაშვილი იქნება – მისი ბავშვობის მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი, რომელთან ერთადაც ასაკობრივ ნაკრებებში გვერდი-გვერდ ბევრჯერ უთამაშია. ამ წყვილის გამარჯვებული მომავალ სეზონში დანიის სუპერლიგაში ითამაშებს.