„სკაი სპორტის“ ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ უკრაინის ნაკრების ცენტრალური მცველით დაინტერესდა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და „ბორნმუთის“ ახალგაზრდა ცენტრალური მცველით, ილია ზაბარნით ინტერესდება, — ინფორმაციას „სკაი სპორტი“ ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფრანგული გრანდი მზად არის ბრაზილიელი მარკინიოსის შესაძლო წასვლისთვის და უკვე დაიწყო მისი შემცვლელის ძიება. ზაბარნისთან ერთად კანდიდატებს შორის 21 წლის ეკვადორელი ჟოელ ორდონიესია, რომელიც ბელგიურ „ბრიუგეში“ ასპარეზობს.
ზაბარნის მოქმედი კონტრაქტი „ბორნმუთთან“ 2029 წლამდეა ძალაში, ხოლო Transfermarkt-ის მიხედვით, მისი მიმდინარე საბაზრო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.
22 წლის ილია ზაბარნი კიევის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. ის ინგლისური გუნდის წევრი 2023 წელს გახდა.