„სკაი სპორტის“ ინფორმაციით, არნე სლოტი „ლივერპულში“ მომდევნო სეზონშიც დარჩება #1TVSPORT
„ლივერპული“ სეზონის დასრულების შემდეგ არნე სლოტის გათავისუფლებას არ აპირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სკაი სპორტი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, „ლივერპულის“ ხელმძღვანელობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ გუნდს მომდევნო სეზონშიც ნიდერლანდელი სპეციალისტი უხელმძღვანელებს. „ლივერპული“, უდიდესი ალბათობით, მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს, რადგან პრემიერლიგაში უახლოეს კონკურენტს 7 ქულით ასწრებს, რაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა.
სლოტს ინგლისურ კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ის გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება.
სლოტი „ლივერპულს“ 2024 წლიდან ავარჯიშებს. მისმა გუნდმა გასულ სეზონში ინგლისის პრემიერლიგა მოიგო, თუმცა მიმდინარე სეზონი „წითლებისთვის“ წარუმატებელი აღმოჩნდა.