„სკაი სპორტ იტალიის“ ინფორმაციით, ჯენარო გატუზო ახლოსაა, იტალიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში #1TVSPORT
„სკაი სპორტ იტალიის“ ინფორმაციით, ჯენარო გატუზო ახლოსაა, იტალიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში #1TVSPORT

„მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ჯენარო გატუზო, შესაძლოა, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს. ინფორმაციას „სკაი სპორტ იტალია“ ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გატუზო ამ ეტაპზე იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) მთავარ კანდიდატად მოიაზრება. კლაუდიო რანიერიმ ნაკრების გაწვრთნაზე უარი განაცხადა, ხოლო სტეფანო პიოლი „ფიორენტინაში“ გადასვლას მიუახლოვდა.

იტალიის ნაკრები მოლდოვასთან მატჩის შემდეგ (2:0) ლუჩანო სპალეტიმ დატოვა. ფედერაციამ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნორვეგიასთან 0:3 მარცხის შემდეგ მიიღო.

ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, გატუზო იტალიის ნაკრებს პირველად 2025 წლის სექტემბერში გაუძღვება.

გატუზოს 12-წლიანი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე მხოლოდ ერთი ტიტული აქვს მოპოვებული – 2020 წელს მან „ნაპოლის“ იტალიის თასი მოაგებინა. ბოლოს 47 წლის სპეციალისტი სპლიტის „ჰაიდუკს“ ავარჯიშებდა.