სიტყვები არ მყოფნის, ქართველმა ექიმმა მეორე სიცოცხლე მაჩუქა - ბულგარეთში დაბრუნებულმა ნედელევმა პირველი კომენტარი გააკეთა #1TVSPORT
სიტყვები არ მყოფნის, ქართველმა ექიმმა მეორე სიცოცხლე მაჩუქა - ბულგარეთში დაბრუნებულმა ნედელევმა პირველი კომენტარი გააკეთა #1TVSPORT

ბულგარეთის ნაკრებისა და პლოვდივისბოტევის“ ნახევარმცველი ტოდორ (ტოშკო) ნედელევი სამშობლოში დაბრუნდა. ის პირველად გამოჩნდა ავარიის შემდეგ, რომელიც მას და ბულგარეთის ნაკრებს საქართველოში შეემთხვა. ნედელევმა უპირველესად მადლობა გადაუხადა პროფესორ შალვა ინგოროყვას, რომელმაც მას სიცოცხლე შეუნარჩუნა.

მოგეხსენებათ, ბულგარეთის ნაკრების ორი ავტობუსი თბილისში ერთმანეთს შეეჯახა – ყველაზე მეტად ნედელევი დაზარალდა. ოპერაციის შემდეგ მას ჩვენს ქვეყანაში 12 დღის გატარება მოუწია და ბულგარეთში სპეციალური თვითმფრინავით დაბრუნდა.

„გმადლობ, პროფესორო ინგოროყვა“, – ეს იყო ნედელევის პირველი სიტყვები, რომელიც მან აეროპორტში თქვა.

„შოთა ინგოროყვა თავისი პროფესიის ერთ-ერთი მნათობია, სწორედ მან გაუკეთა ნედელევს ოპერაცია საქართველოში“, – წერს გამოცემა „გონგი“.

შემდეგ კი ნედელევმა, რომელიც სახლში აგრძელებს მკურნალობას, ფეისბუქის გვერდზე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას კრიტიკულ მომენტებში დაეხმარა.

„ერთ წამს შეუძლია შეცვალოს შენი ცხოვრება! ოცნებები და მომავლის გეგმები მყისიერად ქრება, იქ, ბნელ გვირაბში… ახლა საკუთარ თავს არ ვეკითხები რატომ და დამნაშავეს არ ვეძებ. უბრალოდ მადლობელი ვარ, რომ ცოცხალი ვარ! სიტყვები არ მყოფნის იმ ადამიანის მიმართ, ვინც მეორე სიცოცხლე მაჩუქა,/ მინდა, პროფესორ შოთა ინგოროყვას და მის გუნდს მადლობა გადავუხადო. მე გულწრფელ მადლობას ვუხდი ექიმ ბისერ ბოჩევს დროული ჩარევისთვის და მუდმივი ზრუნვისთვის ოპერაციის დროს და მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალს, რომელმაც შთამაგონა ამ განსაცდელის გადატანა. ჩემს ოჯახს, რომელიც მუდმივად ჩემს ფიქრებში იყო, სიყვარულისა და თანადგომის გამო.

მადლობა მთელ ჩემს ოჯახს და მეგობრებს, რომლებმაც გამბედაობა მომცეს. მადლობა მინდა გადავუხადო ბულგარეთის საფეხბურთო კავშირს, ბულგარეთის საელჩოს საქართველოში, კონსულ რალიცა დიმიტროვას, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას – თბილისში სულ ჩემთან იყვნენ. ბოლოს და ბოლოს, მადლობა ყველა ცნობილ და უცნობ ადამიანს, ვინც გვერდში დამიდგა. დარწმუნებული ვარ, მალე დავბრუნდები მოედანზე უფრო ძლიერი ვიდრე ოდესმე!“, – წერს ტოდორ ნედელევი.