სირიის სამთავრობო არმიამ სტრატეგიულ ქალაქ სარაქებზე კონტროლი აღადგინა
სირიის სამთავრობო არმიამ სტრატეგიულ ქალაქ სარაქებზე კონტროლი აღადგინა

სირიის სამთავრობო არმიამ სტრატეგიულ ქალაქ სარაქებზე კონტროლი აღადგინა. „როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთისგან მხარდაჭერილმა სირიის ხელისუფლების სამხედრო ჯგუფებმა ქალაქიდან თურქეთისგან მხარდაჭერილი სირიის ამბოხებული ოპოზიციის მებრძოლები განდევნეს.

სირიის ოპოზიციის ინფორმაციით, ბრძოლა სარაქების დასავლეთ უბნებში ჯერ კიდევ გრძელდება.

ქალაქი სარაქები დამასკო-ალეპოს დამაკავშირებელ სტრატეგიულ ხაზზე მდებარეობს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიის სამთავრობო არმიის დაბომბვის შედეგად, ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

იდლიბის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, სირიის ჩრდილო-დასავლეთში „დაცული ზონის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ უმთავრესი ამოცანა იდლიბში ცეცხლის შეწყვეტა და დევნილი მოსახლეობისთვის უსაფრთხო ზონის შექმნაა.

სირიაში არსებულ ვითარებაზე გერმანიის კანცლერმა და თურქეთის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს. 27 თებერვლის შემდეგ, თურქეთი სირიის იდლიბის რეგიონში ოპერაცია „გაზაფხულის ფარს“ ატარებს.