სირიაში „ვაგნერის ჯგუფის“ ექვსი რუსი სამხედრო დაიღუპა
სირიაში „ვაგნერის ჯგუფის“ ექვსი რუსი სამხედრო დაიღუპა

სირიაში ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის ექვსი კონტრაქტორი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

სირიაში ექვსი რუსი მებრძოლის გარდაცვალების შესახებ ცნობას სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრიც (SOHR) ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, რუსი სამხედროები სირიის კრიმინალური პოლიციის ყოფილ შენობაში მომხდარი აფეთქებისას დაიღუპნენ. აღნიშნული შენობა დამასკო-დეირ-ეზ-ზორის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მდებარეობს. აფეთქებას სირიის სამთავრობო ძალების ხუთი სამხედროც ემსხვერპლა.

ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანია არაოფიციალური სამხედრო ორგანიზაციაა, რომელსაც რუსეთის ტერიტორიაზე იურიდიული სტატუსი არ გააჩნია. გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, „ვაგნერის ჯგუფის“ შემადგენლობაში 2500-მდე დაქირავებული მებრძოლია. რუსეთის ხელისუფლება „ვაგნერის“ სამხედრო კომპანიის არსებობას უარყოფს.

დატოვე კომენტარი