სირენკას თასი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ირლანდიას მოუგო, ჩეხეთთან კი ბოლო წამზე დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთში მიმდინარე „სირენკას თასზე“ მეორე შეხვედრა ჩეხეთთან ჩაატარა, დაძაბულ ბრძოლაში მოგება ბოლო წამებზე ხელიდან გაუშვა და 2:3 დამარცხდა.
პირველ ტურში გუნდმა ირლანდიასთან 2:2 ითამაშა, პენალტების სერიაში კი 4:3 გაიმარჯვა. ჩეხებთან მეორე მატჩი დრამატულად წარიმართა და გიორგი ჩიტაურის გუნდმა ორი გოლი გაიტანა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ანგარიში 34-ე წუთზე „სამტრედიის“ ნახევარმცველმა, ერეკლე კაკულიამ გახსნა. ჩეხებმა 48-ე წუთზე ნასირის დარტყმით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ 65-ე წუთზე კაკულიამ დუბლი შეასრულა და 90-ე წუთამდე ჩვენები იგებდნენ. მიუხედავად ამისა, ჰანელისა (90-ე) და ნადენიჩეკის (90+3) გოლებით ჩეხებმა მაინც მოიგეს.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები კიდევ ერთ მატჩს გამართავს – გუნდი 30 სექტემბერს, „პოგონის“ სტადიონზე, ტურნირის მასპინძელ პოლონეთს დაუპირისპირდება.
გიორგი ჩიტაურის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. შესარჩევ ციკლში ჩვენი ასაკობრივი ნაკრები 3-გუნდიან ჯგუფში ყაზახეთსა და ავსტრიას დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 11-17 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს.