„სიონში“ მუჯრიშვილი ჩაირიცხა - გამოცდილი მეკარე, რომელმაც დუბლი შეასრულა
„სიონში“ მუჯრიშვილი ჩაირიცხა - გამოცდილი მეკარე, რომელმაც დუბლი შეასრულა

მიხეილ მუჯრიშვილი ბოლნისის „სიონში“ დაბრუნდა. 35 წლის გამოცდილი მეკარის ტრანსფერზე ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მუჯრიშვილმა უკვე ბოლნისის „სიონში“ თამაში მოასწრო – ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ბოლნისის „სიონმა“ მეორე ამხანაგური შეხვედრა „გორთან“ გამართა და 1:2 დამარცხდა. ბოლნისელთა ახალწვეული მოედანზე მეორე ნახევარში შეცვლაზე გამოჩნდა.

გამოცდილმა მეკარემ „სიონის“ მაისური პირველად 2018 წელს მოირგო, სადაც 13 შეხვედრა ჩაატარა. ​მიხეილ მუჯრიშვილს უთამაშია კვიპროსსა და მალტაზე, ასევე „ვიტ ჯორჯიაში”, „სამტრედიაში”, მარტვილის „მერანში“, გორის „დილაში”, თბილისის „მერანში“, „ცხინვალში”, ბოლოს დუშეთის „არაგვის” ღირსებას იცავდა. მუჯრიშვილი ახალგაზრდულის ჩათვლით, საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო.

მუჯრიშილი საინტერესო ისტორიის გმირია – 2019 წლის ნოემბერში, „არაგვში“ თამაშის დროს, მარტვილის „მერანს“ დუშელთა გამოცდილმა მეკარემ კამერუნელ კოლეგა ანდრე ნონოსს ორი გოლი გაუტანა. საქმე ისაა, რომ იმ პერიოდში „არაგვმა“ ოთხი პენალტი ვერ გამოიყენა და ეს საქმე საკუთარ თავზე მეკარე მუჯრიშვილმა აიღო და ორივეჯერ ზუსტადაც დაარტყა.