„სიონმა“ მოიგო და კონკურენტ „გაგრას“ გადაასწრო #1TVSPORT
„სიონმა“ მოიგო და კონკურენტ „გაგრას“ გადაასწრო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 21-ე ტურის ყველა მატჩი გაიმართა და სატურნირო კუთხით მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა – ლიდერმა ქულები დაკარგა და შედეგად პოზიციის დათმობაც მოუხდა.

„გაგრამ“ საკუთარ მოედანზე „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და მოგებასთან ძალიან ახლოს იყო. გაგა კირკიტაძის გუნდი 74-ე წუთზე თორნიკე მუმლაძემ დააწინაურა, მაგრამ 90+3-ე წუთზე „ვიტ ჯორჯიას“ მცველმა თორნიკე შეყილაძემ მასპინძლეთა კარი აიღო და „გაგრამ“ უმნიშვნელოვანესი 2 ქულა დაკარგა – 1:1.

კონკურენტი ბოლნისის „სიონი“ კი კასპის ცენტრალურ სტადიონზე „შევარდენი 1906“-ს ესტუმრა და სასურველი სამი ქულა მოიპოვა. მასპინძელთა კარი 31-ე წუთზე ბექა გაბისკირიამ აიღო, გიორგი დარასელიას გუნდმა უპირატესობა შეინარჩუნა და საბოლოოდ, 0:1 მოიგო.

ამ გამარჯვებით, „სიონმა“ 49 ქულა დააგროვა და 21 ტურის შემდეგ „გაგრას“ 2 ქულით გადაასწრო. მესამე ადგილზე კი 35 ქულით მარტვილის „მერანია“. ბოლო პოზიციებზე კი „რუსთავი“ (17) და საჩხერეს „ჩიხურა“ (6) არიან.