„სიონის“ ტრავმირებულ თავდამსხმელს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ
„სიონის“ ტრავმირებულ თავდამსხმელს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ

ბოლნისის „სიონის“ თავდამსხმელმა თამაზ მაქაცარიამ „რუსთავთან“ შეხვედრისას ხელი მოიტეხა და მოედანზე დაბრუნებას მინიმუმ, თვე-ნახევარი ვერ შეძლებს.

„სიონის“ 23 წლის თავდამსხმელი „რუსთავთან“ შეხვედრის 74-ე წუთზე ბურთისთვის ბრძოლის დროს მოედანზე ცუდად დაეცა და ხელი მოიტეხა, რის გამოც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

„როგორც გაირკვა, ე.წ. სხივის ძვალია გატეხილი და დღეს ოპერაცია გამიკეთეს. ტკივილები ახლაც მაწუხებს, მაგრამ ნემსებით მიყუჩებენ. საავადმყოფოდან კი ხვალ გამომწერენ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, მოედანს როდის დავუბრუნდები, სამკურნალოდ თვე-ნახევარი ან ორი თვე დამჭირდება“, – ამბობს მაქაცარია.

შეგახსენებთ, რომ „სიონი“-„რუსთავის“ შეხვედრა მიმდინარე სეზონში ყველაზე სკანდალური მატჩი გამოდგა – ჯგუფური ჩხუბის შემდეგ მთავარმა არბიტრმა ორივე გუნდის 2-2 მოთამაშე გააძევა, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდია. ერთ შეხვედრაში ოთხი წითელი ბარათი წელს მსაჯებს არც ერთ სხვა მატჩში არ უჩვენებიათ.