„სიონის“ თავდამსხმელი ტაბატაძე ყაზახეთის გუნდში გადავიდა #1TVSPORT
„სიონის“ თავდამსხმელი ტაბატაძე ყაზახეთის გუნდში გადავიდა #1TVSPORT

ბოლნისის „სიონის“ თავდამსხმელი თომა ტაბატაძე კარიერას ყაზახეთის პრემიერლიგის გუნდში, ურალსკის „აკჟაიკში“ გააგრძელებს – 30 წლის ქართველ თავდამსხმელზე ინფორმაციას გამოცემა „სპორტს.კზ“ ავრცელებს.

„ყაზახეთის პრემიერლიგის კლუბმა ევროპელი ფორვარდი დაიმატა. ჩვენი ცნობით, „აკჟაიკმა“ კონტრატქი 30 წლის ქართველ თავდამსხმელთან, თომა ტაბატაძესთან გააფორმა. ყაზახურ კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება ძალაში 2022 წლის სეზონის ბოლომდეა“, – წერს ყაზახური გამოცემა „სპორტს“.

ტანმაღალ (სიმაღლე 192 სმ) ცენტრალურ თავდამსხმელს უთამაშია ლატვიურ „ოლიმპში“, ლიეტუვის „კრუოიაში“, თურქეთის ქვედა ლიგის რამდენიმე კლუბში (ხუთი წელი), „მაგუსაში“ (ჩრდილოეთი კვიპროსი), ასევე ქართულ გუნდებში – „რუსთავში“, „საბურთალოსა“ და ბოლნისის „სიონში“.

2021/2022 წლების საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში თომა ტაბატაძემ „სიონში“ 17 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. გერმანული სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt ფეხბურთელის ტრანსფერს 150 000 ევროდ აფასებს.