„სიონის“ პრესსამსახური - იმედია, გუნდი ბოლო საშინაო თამაშებს ბოლნისში გამართავს
„სიონის“ პრესსამსახური - იმედია, გუნდი ბოლო საშინაო თამაშებს ბოლნისში გამართავს

შესაძლოა, ბოლნისის „სიონმა“ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა საკუთარ სტადიონზე ჩაატაროს – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

ბოლნისელთა პრესსამსახური თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონის განახლებასთან დაკავშირებით ბოლო სიახლეებს ავრცელებს. „სიონის“ გვერდზე წერია, რომ ფეხბურთის ფედერაციის რეკომენდაციით, სტადიონის მინდვრის საფარზე საჭირო სამუშაოები ჩატარდა.

მოგეხსენებათ, ბოლნისის ცენტრალურ არენაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით მოედნის საფარი შეიცვალა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე კი ბოლნისის მუნიციპალიტეტი ზრუნავს. აღნიშნული ფაქტორების გამო, ბოლნისის „სიონს“ საშინაო თამაშების ჩატარება დედაქალაქში, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე უწევს.

თუმცა, მოედანი უკვე მზადაა. ეროვნული ლიგის დასრულებამდე რამდენიმე ტური დარჩა და კლუბი იმედოვნებს, რომ გუნდი ბოლო საშინაო თამაშებს საკუთარ კედლებში გამართავს.