„სიონის“ კიდევ ერთი მოგება, სიჭინავას გოლი 25 მეტრიდან, შვიდი გოლი კასპში [ვიდეო] #1TVSPORT
„სიონის“ კიდევ ერთი მოგება, სიჭინავას გოლი 25 მეტრიდან, შვიდი გოლი კასპში [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-10 ტურის დარჩენილი სამი მატჩი ჩატარდა და მოულოდნელობები არ მომხდარა – ლიდერებმა მოიგეს, აუტსაიდერებმა კი საჭირო ქულები კვლავ ვერ მოიპოვეს.


სიონი – რუსთავი 3:0

ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ გათამაშების ლიდერმა „სიონმა,“ აუტსაიდერი „რუსთავი“ იოლად დაამარცხა. მასპინძლებმა პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. მე-12 წუთზე საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ანგარიში გახსნა, ხოლო 35-ე წუთზე დათა სიჭინავა მორიგი ეფექტური გოლის ავტორი გახდა. „სიონის“ ნახევარმცველმა დაახლოებით 25 მეტრდიან დაარტყა და უცნაური ტრაექტორიით წასულმა ბურთმა „რუსთავის“ კარის ბადე შეარხია. მეორე ტაიმში ბოლნისელთა უპირატესობა ავთო ენდელაძემ სამამდე გაზარდა.


შევარდენი 1906 – დინამო (ზგ) 5:2

ეს შეხვედრა კასპის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და ტურში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი 3:1 მოიგეს. მეორე ტაიმში ზუგდიდელებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ საბოლოოდ, „შევარდენი 1906-მა“ დამაჯერებულად მოიგო – 5:2.

გამარჯვებულებიდან გიორგი ჯინიკაშვილმა (13 წთ, 69 წთ) დუბლი შეასრულა, თითო გაიტანეს რატი ცაცკრიალაშვილმა (35 წთ), ბექა გვარაძემ (38 წთ. პენალტი) და შალვა ფურცხვანიძემ (87), ხოლო ზუგდიდელებიდან თავი გამოიჩინეს გიორგი ჭანუყვაძემ (22 წთ) და ლუკა გუგუჩიამ (52 წთ. პენალტით)


ვიტ ჯორჯია – ჩიხურა 1:0

საჩერის „ჩიხურას“ კრიზისი გრძელდება. ახლო წარსულში ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი რანგით მეორე ლიგაშიც სუსტად გამოდის. საჩხერელებს ახალი მწვრთნელის დანიშვნამაც ვერ უშველა და გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართულ დაპირისპირებაშიც დამარცხდნენ.

თუმცა, მინიმუმ ქულის მოპოვება შეეძლოთ, რადგან 70-ე წუთზე „ვიტ ჯორჯიას“ შოთა ავლოხაშვილი გაუძევეს. ამის მიუხედავად, „ვიტ ჯორჯიამ“ მსაჯის მიერ დამატებულ 90+4-ე წუთზე გამარჯვება მოიპოვა. ერთადერთი ზუსტი დარტყმა ზვიად ნაჭყებიას ანგარიშზეა.

10 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

კლუბი თ ქ

1. სიონი 10 27

2. გაგრა 10 23

3. ჯორჯია 10 16

4. მერანი მრ 10 15

5. გარეჯი 10 14

6. დინამო ზგ 10 13

7. შევარდენი 10 12

8. მერანი თბ 10 9

9. რუსთავი 10 8

10. ჩიხურა 10 4