„სიონის“ ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს მოუბოდიშეს - ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვეკუთვნის #1TVSPORT
ბოლნისის „სიონი“ „გაგრასთან“ ეროვნული ლიგის პლეი ოფში დამარცხდა (1:1, 2:2 – 6:7 პენალტების სერიაში) და ახალი სეზონიდან კვლავ ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს.
ამიტომ, გუნდის ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადეს. პირველად ეს თორნიკე კაპანაძემ გააკეთა, რომელმაც პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა ვერ გამოიყენა.
„ბოდიში „სიონის“ ყველა გულშემატკივარს! ჩემი მიზანი იყო, გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში დავხმარებოდი, მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება, რასაც ვგეგმავთ. ბოდიში“, – წერს გამოცდილი თავდამსხმელი.
ასევე, ამგვარად მოიქცა გუნდის მეკარე, ლევან ისიანი: „ყველას მადლობას გიხდით გულშემატკივრობისთვის. მთელი სეზონი უბრალოდ არ შეიძლება სახელს და გვარს დააბრალო შეცდომას, მთლიანმა გუნდმა წავაგეთ და ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკუთვნის. ბოდიში და მადლობა“.